(რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი დღეს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდება.
დაცვის მხარე სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდება. „ყველამ იცის, რომ ჩვენ სამართლებრივად მყარ სიტუაციაში ვართ. აქედან გამომდინარე, თუ სასამართლო არავის გავლენის ქვეშ არ არის, გამამართლებელ განაჩენს ველოდებით ", - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
დეკანოზი მერვე თვეა, რაც პატიმრობაშია. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
გიორგი მამალაძის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ პირველ სექტემბერს გავიდა. 1-ელი სექტემბრის სხდომაზე თავად ბრალდებულმა, დეკანოზმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.
თებერვალში დაკავებულ დეკანოზს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გარდა ამისა, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა.