რეზონანსი
05.09.2017

 (რეზონანსი) ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს "ანტისახელმწიფოებრივად" აფასებს.

როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით "სუიციდი ჩაიდინა".

"ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები პილატეს სასამართლოს პირდაპირი მემკვიდრეები არიან, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს ფარისევლური განაჩენი გამოუტანა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის თაობას, შთამომავლობას და სასამართლოს სუიციდი ჩაადენინა, რომელიც მიუტევებელი ცოდვაა. შევახსენებთ, მათ საუბედუროდ დაავიწყდათ, რომ ბოლო სიტყვას ჩვენს ცხოვრებაში უფალი ამბობს და დაავიწყდათ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მსაჯული ქრისტე ღმერთი არის. ეს სასამართლოს თვითმკვლელობაა, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა, რამეთუ სახელმწიფოს თავისუფლება და ქვეყნის განვითარება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გადის. ვინაიდან სასამართლო და მოსამართლე ზეწოლის და უსამართლობის მონად დარჩა, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება", - განაცხადა მეუფე პეტრემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მეუფე აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლემ გადაწყვეტილება კონკრეტული მაღალჩინოსნების მითითებით მიიღო.

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ, ასევე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა უფრო დაბალი და საბოლოოდ, გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×