(რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გეგმები არ შეცვლილა და ის უკრაინაში ჩავა. აღნიშნულზე ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი" ავრცელებს.
"საქართველოს პროკურატურა იქცევა, როგორც ჯიბის უწყება და ის მეხუთე წელია, პირადად სააკაშვილის და პროდასავლური ოპოზიციის დევნას ახორციელებს. ამ შემთხვევაში ოლიგარქების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა მას შემდეგ, რაც პოროშენკო ივანიშვილს შეხვდა. ორი ოლიგარქი საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ გაერთიანდა. ეს პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია და ამას სამართალწარმოებასთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა.
უკრაინის იუსტიციის მინისტრის სერგეი პეტუხოვის განცხადებით, სამინისტრომ საქართველოსგან მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა.