(რეზონანსი) მე საპატრიარქოს კარის ინტრიგებში მრჩევლად ვერ გამოგადგებით, თუმცა ფაქტია, რომ გიორგი მამალაძე ლაპარაკისთვის, ტლიკინისთვის ზის ციხეში, - ასე აფასებს ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა. ინფორმაცის სააგენტო „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ნიკა რურუას განცხადებით, დამტკიცებული არ არის, რომ დეკანოზ მამალაძეს ციანიდი ეკუთვნოდა და რომ აღიშნული ნივთიერება მას დანაშაულის ჩადენისთვის სჭირდებოდა.
რურუას განცხადებით, აღნიშნული საქმე მთლიანად პოლიტიკურია, რადგან საქართველოს პროკურატურამ ვერ მოახერხა იმ მძიმე ბრალდების დამტკიცება, რასაც მამალაძეს ედავებოდნენ.
„გონივრულ ეჭვს მიღმა დამტკიცებული არ არის, რომ ეს ციანიდი გიორგი მამალაძეს ეკუთვნოდა და მეორე, რომ აღნიშნული ციანიდი მას დანაშაულისთვის სჭირდებოდა. ეს მთლიანად დაშლილი პოლიტიკური საქმეა. ამის მიზნები არ ვიცი, მაგრამ ეს ადამიანი ევროპაში ციხეში არ იჯდებოდა, ვინაიდან მას ვერ დაუმტკიცდა ის ბრალდება, რასაც ედავებიან. ვერ გეტყვით, ვის აწყობდა. მე საპატრიარქოს კარის ინტრიგებში მრჩევლად ვერ გამოგადგებით, მაგრამ ფაქტია, რომ გიორგი მამალაძე, ლაპარაკისთვის, ტლიკინისთვის ზის ციხეში", - აღნიშნა რურუამ.
რურუას განცხადებით, საქმის სტრასბურგში გადაგზავნის შემთხვევაში, ევროპული სასამართლო მტკიცებულებებს არასაკმარისად მიიჩნევს იმისთვის, რომ მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„ბოლო მომენტში მოსამართლემ კვალიფიკაცია შეცვალა, რაც ძალიან საეჭვოა და რა მუხლითაც წარუდგინა ბრალდება, იმის მიხედვითაც კი მას პატიმრობა არ ეკუთვნის, რადგან დანაშაულის ჩადენის ელემენტები არ უმტკიცდება. ორი ინსტანცია წინ არის, შეიძლება განაჩენი შეიცვალოს", - განაცხადა რურუამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.