(რეზონანსი) დეკანოზი გიორგი მამალაძე იგივე შემართებით ბრძოლას აპირებს და უკან არ დაიხევს - ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხეში, ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ადვოკატები, ასევე დეკანოზი გიორგი მამალაძე ბოლომდე იტოვებდა იმედს, რომ სასამართლო გავლენის ქვეშ არ მოექცეოდა და ასეთ "უღირსს და უკანონო" გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
"ისევე როგორც ჩვენ, დეკანოზი გიორგი მამალაძე იმედს იტოვებდა, რომ სასამართლო გავლენების ქვეშ არ მოექცეოდა, რის გამოც უღირსი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მიუხედავად ყველაფრისა, მისი დაკავებიდან დღემდე რა ხდებოდა, მაინც გვეგონა, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. კიდევ უფრო მეტი აბსურდია, მუხლის გადაკვალიფიცირება - თუ ანგარება არ ჰქონდა დეკანოზს, მაშინ მანიაკი იყო და მისდევდა მოსაკლავად თუ რა მოტივი ჰქონდა. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე რჩება ძველ პოზიციაზე, ის თავიდან ბოლომდე რჩება ძველ პოზიციაზე, აპირებს ბრძოლას და იბრძოლებს, რომ მოსამართლეების მიმართ, ვინც ასეთ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს, სამართლებრივი რეაგირება დადგეს. ის ბრძოლას აპირებს და არამც და არამც უკან დახევას", - განაცხადა ფანცულაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.