(რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა თელავში საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა. შს მინისტრს შტაბის წევრებმა ქვეყნის რეგიონებში ჩატარებული ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
მღებრიშვილმა ხანძრის თითოეულ კერაზე ცეცხლის ქრობის გეგმა განიხილა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებს, ხანძრის უმოკლეს დროში ეფექტური ლიკვიდირების მიზნით, ახალი დავალებები მისცა.
„ამ დროისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტში, შილდის ტყეში ხანძარი, ფაქტობრივად, ლიკვიდირებულია. ნახანძრალ ტერიტორიაზე, პრევენციის მიზნით, მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ჯგუფი რჩება, რომლებიც მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, რამდენიმე დღის განმავლობაში განახორციელებენ.
„თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში ხანძრის კერების ლოკალიზება უკვე დაფიქსირდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. ადგილზე ცოცხალი ძალა რჩება, რომელიც ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აგრძელებს. მეხანძრე-მაშველთა წყლით უზრუნველყოფა მთის ფერდობზე დამონტაჟებული ხელოვნური ავზების საშუალებით ხდება.
„თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობს ცოცხალი ძალა და 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა.
„ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში შსს-ს 400-მდე თანამშრომელია ჩართული. ცეცხლის უმოკლეს დროში ეფექტურად ქრობის მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, დილიდან ხანძრის კერასთან მუშაობს შსს-ს ვერტმფრენი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.