(რეზონანსი) ხვალ, საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, სხდომა 12:00 საათზე, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართება.
დღეს, ბიუროს სხდომით მე-9 მოწვევის პარლამენტის 2017 წლის საშემოდგომო სესია გაიხსნა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრებს, საზოგადოებას საშემოდგომო სესიის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ ეს მორიგი, ძალიან მნიშვნელოვანი სესიაა, რომელზეც პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები. განსაკუთრებით ეს საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას ეხება.
"განსაკუთრებით გამოვყოფდი საქართველოს კონსტიტუციას. საბოლოოდ, მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტს კენჭი უნდა ვუყაროთ. ჩვენ ვცვლით ძალიან გაუმართავ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციით და ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე უნდა მიიღოს ", - დასძინა კობახიძემ.