საბერძნეთის ელჩი: "ვისოლის" აქტივობა თვალსაჩინოა არა მხოლოდ საწვავის სფეროში, არამედ ეკონომიკის სხვა დარგებშიც"
მარი გოცირიძე
05.09.2017

კომპანია "ვისოლმა" საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფ "საბერძნეთის პეტროლიუმთან" ფრანჩაიზის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში "ეკოს" გასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.

 "ეკოს" პირველი პილოტური ავტოგასამართი სადგური თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში გახსნა.

ხელშეკრულების საფუძველზე "ვისოლი" საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე "ეკოს" ბრენდს აბრუნებს, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული.

"ეკოს" ავტოგასამართი სადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი, "საბერძნეთის პეტროლიუმის" საცალო ქსელის გენერალური დირექტორი რობერტო კარაჰანასი და ბერძნული კომპანიის რამდენიმე სხვა წარმომადგენელი დაესწრო.

ელჩის განცხადებით, "ეკოს" ბრენდის დაბრუნება საქართველოში კომპანია "ვისოლთან" თანამშრომლობის მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

"მოხარული ვართ, რომ ნავთობპროდუქტების უდიდესი კომპანია "ეკო" საქართველოს ბაზარზე ხანმოკლე შესვენების შემდეგ დაბრუნდა. შეგნებულად შეირჩა "ვისოლი", როგორც საქართველოს მასშტაბით უდიდესი კომპანია ნავთობპროდუქტების ბაზარზე. ამ თვალსაზრისით, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა სავსებით მოსალოდნელიც იყო. 

ეს ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. "ვისოლის" აქტივობა თვალსაჩინოა არა მხოლოდ საწვავის სფეროში, არამედ ეკონომიკის სხვა დარგებშიც. დღეს ხედავთ "ეკოს" ახალ ავტოგასამართ სადგურს, ისეთს, როგორიც საბერძნეთშიც კი ჯერ არ გვაქვს და ეს ბევრზე მეტყველებს", - განაცხადა საბერძნეთის ელჩმა.

კომპანია "ვისოლთან" ურთიერთობის გაღრმავებაზე გააკეთა აქცენტი "საბერძნეთის პეტროლიუმის" წარმომადგენელმაც.

"ძალიან ვამაყობთ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფებით. "საბერძნეთის პეტროლიუმთან" ერთად "ეკო" ისევ დაბრუნდა ქართულ ბაზარზე. ჩვენ ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული და ინდუსტრიული გუნდი ვართ ევროპის ნაწილში. "ეკოსთან" ერთად ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტს ვთავაზობთ მომხმარებლებს და ახლა უკვე ქართულ ბაზარსაც. 

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მუდმივად ვითარდება. დღეს ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა, კიდევ ერთი მაღალი ხარისხისა და სტანდარტის მქონე კომპანია "ვისოლთან". ჩვენი ურთიერთობა მომავალში წინ უნდა წავიდეს", - განაცხადა რობერტო კარაჰანასიმ.

როგორც "ვისოლი ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განმარტა, ახალ  ავტოგასამართ სადგურზე "ეკოს" უმაღლესი ხარისხის საწვავის სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. 

"საქართველოში ყველას ახსოვს "ეკოს" ავტოგასამართი სადგურები. ის იყო კომპანია, რომელმაც შექმნა საწვავის ხარისხის სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში და დიდი ხნის განმავლობაში ხარისხის ნიშნად ითვლებოდა. საკმაოდ რთული გზა გავიარეთ, რადგან ამ კომპანიის საქართველოში დაბრუნება მარტივად არ მომხდარა, თუმცა "ეკო" სრულფასოვნად დაუბრუნდა ქართულ ბაზარს. ჩვენი ბიზნეს საქმიანობის ქვაკუთხედი ყოველთვის იყო და იქნება ხარისხი. აქ კომპრომისს არასდროს დავუშვებთ", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ. 

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, პილოტური ავტოგასამართი სადგურების მუშაობის ანალიზის საფუძველზე, "საბერძნეთის პეტროლიუმი" და "ვისოლ ჯგუფი" ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას სხვა ლოკაციებზე "ეოს"სადგურების განვითარებასთან დაკავშირებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×