(რეზონანსი) ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენისა და ე.წ. ციანიდის საქმის შეფასებისას განაცხადა, რომ დეკანოზი მამალაძე გარკვეულწილად დამნაშავეა, მაგრამ ციანიდთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს
როგორც მეუფემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგა, პროკურატურამ ძალიან ბევრ კითხვას პასუხი ვერ გასცა.
„ციანიდის საქმე" აბსოლუტურად ბურუსითაა მოცული. მე გამიმყარდა ეჭვები, იმის თაობაზე, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი ნაყიდი საერთოდ არ ჰქონდა. იმიტომ გამიმყარდა ეს ეჭვები, რომ პროკურატურას, ყიდვის მომენტი დაფიქსირებული რომ ჰქონოდა, საზოგადოებას ამას აუცილებლად აჩვენებდა. მეც არაერთხელ შევახსენე მათ ეს, რომ ყიდვის მომენტი საზოგადოებისთვის უნდა ეჩვენებინათ. უამრავი დეტალი აქვთ გადაღებული და ათეულობით საათია ირაკლი მამალაძის ჩანაწერები. სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება ამ მეტად მნიშვნელოვანი ფაქტის გარეშე მიიღო ", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
მისივე თქმით, პროკურატურასთან კითხვების არსებობის მიუხედავად, არ თვლის რომ დეკანოზი უცოდველია.
„ის რომ მე გარკვეულწილად პროკურატურასთან კითხვები მაქვს, არ ნიშნავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უცოდველია. დეკანოზი გიორგი მამალაძე გარკვეულწილად დამნაშავეა, მაგრამ ციანიდთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს", - აღნიშნა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა.