(რეზონანსი) სოფელ ართანში, კოხტას მთაზე ცეცხლის ღია კერები აღარ არსებობს. ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე თორნიკე გვაზავამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხანძრის კერებთან ცოცხალი ძალა მუშაობს და მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
"ართანაში ცეცხლის ღია კერები აღარ გვაქვს. ცოცხალი ძალა შესულია, როგორც მაშველები, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე რეგიონის მეტყევეები და მოხალისეები მობილიზებულია. ხანძარი ლოკალიზაციისკენ მიდის და ვფიქრობთ, საღამოსკენ ლოკალიზებული უკვე სრულად იქნება. სამი ვერტმფრენი დილიდან მუშაობს- ორი ირანის და ერთი ქართული", - განაცხადა გვაზავამ.
ქართულ ავიაციასთან ერთად სოფელ ართანის ტყეში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ირანული ვერტმფრენიც მონაწილეობს. ასევე, ადგილზე შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400 თანამშრომელი, 50 სპეცრაზმელი და მეხანძრე- მაშველები, მუშაობენ.
თელავის აეროპორტში მდებარე შტაბი მე-5 დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი 2 სექტემბერს დილით გაჩნდა.