(რეზონანსი) თბილისში, ზაჰესის მიმდებარედ, ფერდობზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ცეცხლი ბალახს და ბუჩქნარს გაუჩნდა.
ადგილი საკმაოდ მიუდგომელია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები ამ წუთებში ცეცხლის ჩაქრობით სამუშაოებს ახორციელებენ. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტეს, რომ უწყება ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედებს და საჭიროების შემთხვევაში სახანძრო ჯგუფები დაემატება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 40 წუთის წინ გაჩნდა და მის გაღვივებას ქარი ხელს უწყობს. მათი თქმით, ხანძრის სალიკვიდაცია სამუშაოებში მეხანძრეები უკვე ჩაერთნენ.
ამ დროისთვის უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.