რეზონანსი
06.09.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის ქუთაისის შენობის და მის ირგვლივ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მინდა მოკლედ მოგახსენოთ იმ გეგმების შესახებ, რომელიც ჩვენ ქუთაისის პარლამენტის სასახლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის შენობა და შენობის მიმდებარე ტერიტორია მოსაწესრიგებელია. რეაბილიტაციას თავად შენობა საჭიროებს. მისი სახურავი წყალს ატარებს და სავარაუდოდ, პოლიმერის საფარით არის რეაბილიტაცია ჩასატარებელი. მიზანშეწონილია ასევე მთლიანად შუშის რეკონსტრუქციის შეცვლა. აქაც ორი პრობლემაა - წყალს ატარებს და ტემპერატურას ვერ ვარეგულირებთ.

„ეს ყველაფერი და ასევე სარეაბილიტაციოა შენობის მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციას საჭიროებს, მოსაწყობია ავტოსადგომი, შენობის შესასვლელი უნდა მოპირკეთდეს. აუცილებელია ტერიტორიის მოწესრიგება, შეგვიძლია შენობის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება. შესაძლებელია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკი მოვაწყოთ, რაც იქნებოდა ასევე საჩუქარი ქუთაისის მოსახლეობისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ეს პარკი საყოველთაო მოხმარებისთვის განკუთვნილი იქნებოდა", - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზინადართა საბჭოს აღნიშნული საკითხის ფინანსური შესწავლა დაავალა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×