(რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი გენერალური აუდიტორის კანდიდატიურას 8 სექტემბერს დაასახელებს. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის ცნობით, 20 სექტემბრისთვის პარლამენტი გენერალური აუდიტორის კანდიდატურას დაამტკიცებს.
"კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატურის დასახელება პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, ამიტომ გენერალური აუდიტის კანდიდატურას დავასახელებ. რაც შეეხება დამტკიცებას, გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე 20 სექტემბერს დამტკიცდება", - დასძინა კობახიძემ.
არსებული ინფორმაციით, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა განიხილება, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა 2017 წლის 25 ივლისს ამოეწურა და ამ დრომდე აუდიტის ხელმძღვანელის მოვალეობას ნინო ლომჯარია ასრულებს.