სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ პარტიათა აგვისტოს შემოწირულობები გამოაქვეყნა, სადაც ქართული წინასაარჩევნო ტრადიციისამებრ საკმაოდ შთამბეჭდავად, 4,5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულებებით მმართველი ძალა, "ქართული ოცნება" ლიდერობს და მის დამფინანსებლებს შორისაა ის ბიზნესმენებიც, რომლებიც ადრინდელ მმართველ ძალას, "ნაციონალებს" სწირავდნენ დიდი ოდენობით თანხას და ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც გულუხვი, 5-ნიშნა შემოწირულობების სანაცვლოდ სულ მალე "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრთა რიგებშიც აღმოჩნდებიან.
ცნობისათვის, აგვისტოში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 4, 9 მილიონ ლარამდე შეადგინა და მთლიანი შემოწირულებების 94% "ქართულ ოცნებას" აღმოაჩნდა - 4, 5 მილიონ ლარზე მეტი და შემოწირულობების მხოლოდ 6%-ს ინაწილებს დანარჩენი ყველა პარტია.
მეორე ადგილზეა "ევროპული საქართველო," - 287 440 ლარით, მესამე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი - 9 770 ლარის შემოწირულებით. აგვისტოში 7 000 ლარი მიიღო "ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩი", ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" მიღებული აქვს - 5 330 ლარი. ყველაზე მიზერული შემოწირულება აქვს "რესპუბლიკურ პარტიას," - 20 ლარი.
საგულისხმოა, რომ თუკი 2013 წლამდე ყველა ბიზნესმენსა თუ რიგით მოქალაქეს "ნაციონალური მოძრაობის" ფინანსური მხარდაჭერის სურვილი ჰკლავდა, ბოლო წლებია თითქმის იგივე აუდიტორია "ოცნების" დაფინანსებაზე გადაერთო, "ნაციონალური მოძრაობა" კი, დაფინანსების რაოდენობით, სამეულშიც ვერ ხვდება.
"ქართულმა ოცნებამ" აგვისტოში ყველაზე გულუხვი შემოწირულობა - კომპანიებისათვის მაქსიმალური ზღვარი 120 000 ლარი - ფარმაცევტული კომპანია "ჯი ემ პი"-სგან მიიღო, რომლის გენერალური დირექტორი გიორგი ანთაძეა. ასევე 110 000 ლარიანი შემომწირველია შპს "პ და ლ", 100 000-ლარი შესწირა შპს "ზღვის პროდუქტებმა" და შპს "ეიჩე რენტალმა".
ფიზიკური პირებიდან კი მაქსიმალური ზღვარი 60 ათასი ლარი 32-მა მოქალაქემ შესწირა. მინიმალური თანხა, რომელიც "ოცნებას" მოქალაქეებისგან შემოწირულების სახით აქვს მიღებული, 2 000 ლარია.
დამფინანსებლებს შორისაა ის ბიზნესმენებიც, რომლებიც ადრინდელ მმართველ ძალას, "ნაციონალებს" სწირავდნენ დიდი ოდენობით თანხას და ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც 5-ნიშნა შემოწირულობების სანაცვლოდ სულ მალე "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრთა რიგებშიც აღმოჩნდებიან.
ისე, როგორც ეს მოხდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, როდესაც "ოცნების" გულუხვი შემომწირველებიდან საკმაოდ დიდი ნაწილი პარტიის სიაში აღმოჩნდა, უმეტესად მაჟორიტართა რიგებში და ასეთები იყვნენ მაგალითად: კობა ნარჩემაშვილი, გენადი მარგველაშვილი და გოჩა ენუქიძე, რომლებმაც 55-55 ათასი ლარის ჩარიცხვის სანაცვლოდ გაინაღდეს პარლამენტის დეპუტატობა. თანაც, ენუქიძე "ოცნებაში" "პორტირებული" "ნაციონალია".
"რეზონანსს" სამეგრელოს რეგიონიდან განუცხადეს, რომ ადგილობრივი ლიდერების მხრიდან ძალიან აქტუალურია "ოცნების" სიაში ადგილების შეთავაზების შემთხვევები 5-ნიშნა შემოწირულებების სანაცვლოდ და რამდენიმე ასეთი "კანდიდატიც" უკვე სიაშია ჩაწერილი, მათი დადგენა კი მარტივად შესაძლებელი გახდება ყველა რაიონის საკრებულოს წევრობის გამსვლელი სიის გასაჯაროებას შემდეგ.
ასევე ამ ადგილობრივი არჩევნების წინაც აქტიურობენ "ნაციონალების" ხელისუფლების დამფინანსებელთა ის ნაწილიც, რომლებიც ახლა "ქართული ოცნების" დამფინანსებელთა რიგებშია გადანაცვლებული.
მაგალითად, "აიპრესის" წერს, რომ მიმდინარე წლის 3 აგვისტოს იურიდიულმა პირმა, შპს არალიმ მმართველ ძალას 40 000 ლარი შესწირა, რომლის 100%-იანი წილების მფლობელი ოთარ თათეშვილი 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველი იყო. მან 2012 წლის ივლისში 60 000 ლარი შესწირა მაშინდელ მმართველ "ნაცმოძრაობას".
აღსანიშნავია, რომ მმართველი ძალისგან განსხვავებით ოპოზიციას მაქსიმალური 60 000 ლარი არც ერთი მოქალაქისგან არ მიუღია. თანხის მაქსიმუმი "ევროპული საქართველოსთვის 42 000 ლარია, "ნაცმოძრაობისთვის," - 5 177 ლარი.
რაც შეეხება ალექსანდრე ელისაშვილის ფონდის შემოწირულებებს, ის 2 ლარიდან იწყება და მაქსიმალური 3 000 ლარია.
არჩევნების წინ მმართველი პარტიის ასეთი გულუხვი დაფინანსება მუდმივად განხილვის საგანი ხდება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ მათი დამფინანსებლების ასეთი კატასტროფული შემცირება "ოცნებიდან" დაშინებების ბრალია.
"რატომ არის რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამდენი ხანია პარტიის ოფისს ყიდის და არც ერთი მყიდველი არ გამოჩნდა?! რომელიც გამოჩნდა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
"რატომ არის, რომ ჩვენთან ყოველდღიურად მოდიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სიამოვნებით მოგცემდით ფულს, მაგრამ ამას ვერ ვაკეთებთ. ციფრებიც ამაზე მეტყველებს. არ შეიძლება ამხელა აქტივის და იდეოლოგიის ძალას ჰქონდეს ასეთი მცირე შემოწირულება, იმ პირობებში, როდესაც პროდასავლური განწყობები ასეთი ძლიერია", - ამბობს კალანდაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე "ქართული ოცნების" შემომწირველთა რაოდენობის ზრდას ლოგიკურად მიიჩნევს და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა თითოეული შემოწირულობა კანონის სრული დაცვით მიიღო.
თალაკვაძე "ნაცმოძრაობისა" და "ევროპულ საქართველოს" დაფინანსების წყაროებით ინტერესდება. მისი განცხადებით, "ვინმეს სჯერა, რომ წინასაარჩევნო კამპანიას 5-6 ათას ლარად ატარებენ?!"
"2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" მხარი 856 ათასმა მოქალაქემ დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პარტიას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. შესაბამისად, შემოწირულობების ეს რაოდენობა ლოგიკურია.
"ჩვენ მეტის მობილიზება გვჭირდება, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანია განვახორციელოთ და ამომრჩეველთან ის გეგმები და პროგრამა მივიტანოთ, რაც გვაქვს...
"2017 წლის გასულ პერიოდში, ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას ბევრად უფრო მეტი შემოწირულობა ჰქონდა, ვიდრე "ქართულ ოცნებას". რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, მე პირადად მიჩნდება შეკითხვა - ვინმეს სჯერა, რომ ჩვენი ოპონენტი ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას 5-6 ათას ლარად ატარებენ?," - განაცხადა თალაკვაძემ.