(რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრმა თელავში, საგანგებო შტაბში თათბირი ჩაატარა. გიორგი მღებრიშვილმა ქვეყნის რეგიონებში ხანძრის კერების ქრობის პროცესის შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა და საგანგებო შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა.
„შს მინისტრი სოფელ ართანასთან, ტყის მასივში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო. გიორგი მღებრიშვილი იმ მეხანძრე-მაშველებს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებსაც შეხვდა, რომლებმაც, როტაციის პრინციპით, ხანძრის კერებთან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ჩაანაცვლეს.
„თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში, ცეცხლის კერები ფაქტობრივად ლოკალიზებულია. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. ცეცხლის ქრობის პროცესში ავიაცია ჩართულია.
„ცოცხალი ძალა აქტიურად განაგრძობს თუშეთში, სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ხანძარის ცალკეული კერების დაქრობით სამუშაოებს. მეხანძრე-მაშველები, ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებთან ერთად, წყლის ჭავლს იყენებენ. წყლით მომარაგება ხელოვნურად მოწყობილი რეზერვუარებიდან ხდება.
„ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე მიმდინარეობს. ადგილზე შსს-ს 700-მდე თანამშრომელი და 2 ვერტმფრენი მუშაობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.