(რეზონანსი) პარლამენტის პლენარული სხდომა ისე დაიხურა, რომ განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კენჭისყრები არ გამართულა.
მიზეზი ისაა, რომ პარლამენტში კენჭისყის ჩასატარებლად საკმარისი დეპუტატები არ იმყოფებოდნენ.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი განიხილეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
"ვხედავ, რომ კენჭისყრის ჩასატარებლად დეპუტატთა რაოდენობა საკმარისი არ არის, ამიტომ კენჭისყრა დღეს არ ჩატარდება", - დასძინა კობახიძემ.
დღევანდელი პლენარული სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო და დაახლოებით ოცი წუთი გაგრძელდა.
პარლამენტის პლენარული სხდომა ორ კვირაში - 20 სექტემბერს განახლდება.