(რეზონანსი) იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის განახლების შესახებ განმარტებას აკეთებს.
როგორც წულუკიანმა განაცხადა, ქართულ მხარეს შესაბამისი წერილით უკრაინამ მიმართა და დაინტერესდა, რჩებოდა თუ არა ძალაში მოთხოვნა ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების შესახებ.
"უკრაინულმა მხარემ წერილით მოგვმართა, სადაც შეკითხვა დასვა, რომ ის 2014-2015 წლების ექსტრადირების მოთხოვნები, რომელიც მათ თავის დროზე მიიღეს, იყო თუ არა დღეს ძალაში, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, რომ დიახ, ის მოთხოვნები დღესაც ძალაშია. კიდევ ერთხელ თავის დაზღვევის მიზნით, იგივე დოკუმენტები გადაიგზავნა, რაც ადრე იყო გაგზავნილი. შესაბამისად, უკრაინულ მხარეს მოთხოვნა განახლებული აქვს. რაკი ჩვენგან შეიტყვეს, რომ სამართლებრივი ინტერესი კვლავ ძალაშია, უკრაინაში სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს", - განაცხადა წულუკიანმა.
როგორც წულუკიანმა დასძინა, საუბარი იმაზე, რომ ექსტრადირების მოთხოვნას პოლიტიკური საფუძველი აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.
"ბევრჯერ მითქვამს, რომ პოლიტიკოსობა იმუნიტეტი არ არის და თუკი რომელიმე მთავრობის წარმომადგენელი ისეთ ფაქტებს ჩადის, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც დანაშაული, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი იქნება, თუ წინა ხელისუფლების, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი", - ამბობს წულუკიანი.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის შესაბამის უწყებას სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრატირების მოთხოვნით მორიგ ჯერზე 1-ელ სექტემბერს მიმართა.