(რეზონანსი) ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ადრე თუ გვიან ყველა დამნაშავე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებს,- ასეთი განცხადება გააკეთა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხზე საუბრისას.
როგორც სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული და კარგია, რომ ასეთ დროს ბრალდებული სასამართლო პროცესებს ესწრებოდეს.
"4 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ოთხივეზე გამოძიება მიდის. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ როცა ადამიანი, რომელზეც გამოძიება და სასამართლოში პროცესი მიდის, პროცესს თავად თუ დაესწრება. ეს უკეთესია მისი დაცვისთვისაც, გამოძიებისთვისაც და კითხვებსაც პასუხები გაეცემა.
„ასე რომ, თუ გამოცხადდება თავისი ნებით, ეს იქნება გაცილებით უკეთესი იმისთვის, რომ სამართლიანობა იყოს და სასამართლო სამართლიანი იყოს. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანზე საქმეა აღძრული და მის მიმართ ძებნა გამოცხადებულია, ეს ჩვეულებრივი პროცესია და ამაში განსაკუთრებული არაფერია", - განაცხადა სუბარმა.
საქართველოს მთავარმა პოკურატურამ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით უკრაინიას პირველ სექტემბერს მიმართა.