არჩევნებამდე მხოლოდ ერთ თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი და ამ საარჩევნო კამპანიაში წინა პლანზე ისევ ორი პარტია ჩანს - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა, წინა წლის საარჩევნო მარათონისგან განსხვავებით, "ნაციონალებიდან" საინფორმაციოების ლიდერი თუ ისევ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რჩება, "ოცნების" მთავარი ფიგურა, ექსპრემიერი ივანიშვილი ამ მარათონში არსად გამოჩენილა.
რა დააკლდა მმართველ პარტიას ამ საარჩევნო პროცესში ბიძინა ივანიშვილის ასე გარიდების გამო ან დააკლდა თუ არა მხარდამჭერები, ეს უცნობია, რადგან 3 თვეა, სოციოლოგიური კვლევა არ გამოქვეყნებულა.
როგორც სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ უახლესი კვლევა ხელთ არ გვაქვს, ყველა კომპონენტით ჩანს, რომ "ქართული ოცნება" პირველ ადგილზეა და მას მეორე ადგილზე მთელი საქართველოს მასშტაბით მოჰყვება "ნაციონალები". ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი კი ასე, საჯაროდ აქტიურობის გარეშეც მოქმედებს მის მომხრეებზე.
ბერძენიშვილის ვარაუდით, გამარჯვებისთვის "ოცნებას" ყველანაირი რესურსი აქვს აწყობილი, ეს იქნება თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ავტორიტეტული ლიდერის, წარმატებული ფეხბურთელის დასახელება, პლუს დიდი ფული, მაგალითად ის, რომ აგვისტოში პარტიამ 4,5 მილიონამდე შემოწირულებებით მიიღო, ამას დამატებული ადმინისტრაციული რესურსიც და წარმატებული პიარიც.
წარმატებულ პიარში კი მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის ასე გააქტიურებასაც ასახელებს და ამბობს, რომ სააკაშვილის ეთერში ხშირად გამოჩენა სწორედ "ოცნების" მომხრეების დარაზმვას უწყობს ხელს და ეს ჩვენ წინა არჩევნებზეც ვნახეთ.
ბერძენიშვილი სოციოლოგიური კვლევის გარეშე პროგნოზირებს, რომ "ოცნება" ყველგან გაიმარჯვებს. მეორე ადგილზე "ნაცმოძრაობა" გავა, მაგრამ დიდი პროცენტებით - არა.
მისი ვარაუდით, ცოტა განსხვავებული სურათი შეიძლება თბილისში ვიხილოთ, სადაც "ნაცმოძრაობას" კონკურენციას დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი უწევს და თუკი თბილისის მერობის არჩევნებზე მეორე ტური შედგება, კახა კალაძის მოწინააღმდეგედ უფრო ელისაშვილის გასვლაზე საუბრობს, ვიდრე "ნაცმოძრაობის" კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი.
"უდუმაშვილი კარგი ადამიანია, მაგრამ თითქოს რაღაც აკლია. "ნაციონალების" ახლანდელი პიარკამპანია "ნაციონალებისას" არ ჰგავს. მგონია, რომ ელისაშვილი უფრო მეტ ხმას მოაგროვებს, უფრო პოპულისტური სვლები აქვს, პლუს თითქოს არავინ დგას მის უკან და უფრო მეტად სახალხოობის შთაბეჭდილებას ტოვებს, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ უდუმაშვილს რაღაც პროცენტებით აჯობოს," - ამბობს ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილი ამბობს, რომ არჩევნების წინ სოციოლოგიური კვლევა დიდი ალბათობით იქნება, რადგან კვლევას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და კვლევების მთავარი დანიშნულება ზეგავლენის მოხდენაა.
"გამოკითხვები ჩვენთან ობიექტური ჭეშმარიტების დადება კი არ არის, არამედ ესაა მოვლენების განვითარებაზე ზემოქმედების იარაღი, იდეოლოგიური ზემოქმედების იარაღი. ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს," - აღნიშნავს ბერძენიშვილი.
როდის დაიდება წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევა, ჯერ უცნობია. ამ დროისთვის ბოლო სოციოლოგიური კვლევა ივლისში ენ-დი-აის მიერ არის გამოქვეყნებული და იმავე პერიოდში შიდა კვლევა ჩატარებული აქვს "ქართულ ოცნებასაც". სხვა კვლევების შესახებ საჯაროდ არ თქმულა.
ივლისში ენ-დი-აის კვლევაში შეკითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, თბილისის მერობის რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს, კახა კალაძეს (ქართული ოცნება) აქვს 30%, ალეკო ელისაშვილს (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 19%, ზაალ უდუმაშვილს (ნაციონალური მოძრაობა) - 18%, ელენე ხოშტარიას (ევროპული საქართველო) - 5%. ამავე კვლევით, თბილისში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გახდებოდა საჭირო და კალაძეს ელისაშვილთან მოუწევდა დაპირისპირება.
"ოცნების" შიდა კვლევით, კალაძე ისევ ლიდერია, თუმცა თუ "ენ-დი-აი"-ს კვლევაში მას 30% აქვს და მეორე ტურის ალბათობა დიდია, "ოცნების" შიდა კვლევაში კი 40%-მდე აქვს.
ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა, რომლის კომპანია "ფსიქო-პროექტი" მმართველი ძალისთვის შიდა კვლევებს ატარებს, ამბობდა, რომ მეორე ადგილი მათ კვლევაში ზაალ უდუმაშვილმა დაიკავა და არა - ელისაშვილმა. ელისაშვილს და ხოშტარიას კი ერთნიშნა მხარდაჭერა ჰქონდათ.
გარდა ამისა, ბიგვავას თქმით, მათ კვლევაში ოპოზიცია ჯამურადაც ვერ აგროვებდა სერიოზული კონკურენციისთვის საკმარის ხმებს და მეორე ტურის ალბათობაც მინიმალური იყო.
სამი თვის წინ ენ-დი-აიმ პარტიული რეიტინგიც გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილზეა "ოცნება", მეორეზე - "ნაცმოძრაობა", მესამეზე - "ევროპული საქართველო".
პარტიულ რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა "ოცნება" 27%-ით, მეორეზე - "ნაციონალები" - 7%-ით, მესამეზე - "ევროპული საქართველო" - 3%-ით. ბიგვავას ცნობით, თანმიმდევრობა იგივე იყო "ოცნების" კვლევაშიც, თუმცა ზუსტი ციფრები არ დაუსახელებია.
მეორე ტურის ალბათობას "ოცნების" ლიდერები კატეგორიულად გამორიცხავენ. პოლიტოლოგები თუ სოციოლოგები ასე კატეგორიულები არ არიან, თუმცა ამირან ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ კალაძეს შესწევს უნარი, პირველივე ტურში გაიმარჯვოს.
ამირან ბერძენიშვილის განცხადებით, კალაძის კანდიდატად დასახელება მომგებიანი სვლა იყო, ის წარმატებული ფეხბურთელი იყო და "ოცნებაშიც" წამყვანი ლიდერია.
"ახლა მნიშვნელოვანია, როგორი პიარკამპანია ჩატარდება. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხოლმე. რეალურად, მოგების შანსი ყველანაირად კალაძეს აქვს. ავტორიტეტიც აქვს და ფულიც, ხომ ვხედავთ, 5-მილიონამდე შემოწირულება მიიღეს ერთ თვეში და ეს გადამწყვეტია. გარდა ამისა, როგორც თავის დროზე "ნაციონალების" დროს კოორდინატორები დადიოდნენ და თავის მომხრეებს ეძებდნენ, ასეა ახლაც. სახლებში გვაკითხავენ, გამოკითხვას ატარებენ, ვართ თუ არა "ოცნების" მომხრენი. ძალიან აქტიურად მუშაობენ. თუ რაიმე გაურკვევლობა არ მოხდება, კალაძეს პირველ ტურში გამარჯვების ყველანაირი რესურსი აქვს," - მიიჩნევს ბერძენიშვილი.
სოციოლოგი "ოცნებისთვის" წარმატებულ პიარად აფასებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თემის გააქტიურებასაც.
ამბობს, რომ, დიდი ალბათობაა, სააკაშვილის ექსტრადირების ხელახალი მოთხოვნაც და ამით სააკაშვილის გააქტიურება და ეთერში ხშირი გამოჩენა წინასაარჩევნოდ "ოცნების" მომხრეების მობილიზების ჩანაფიქრს უკავშირდებოდეს.
"სააკაშვილი ასევე ფონია, რომელსაც მოხერხებულად იყენებს "ოცნება" თავის საარჩევნო კამპანიისთვის. როგორც წინა არჩევნების დროს სააკაშვილის ხშირი გამოჩენის გამო "ოცნებამ" მოახერხა საკუთარი მომხრეების მობილიზება მოეხდინა, ახლაც იგივე შეიძლება მოხდეს. სააკაშვილის ასეთი გააქტიურება "ოცნების" მხარდამჭერების უფრო დარაზმვას უწყობს ხელს. შესაძლოა, ეს ასე ჩაფიქრებული არ იყო, მაგრამ ასე გამოდის. ამას განუზრახველი შედეგი ჰქვია. კი ვამბობთ, რომ "ოცნების" ხალხი უნიათოები არიან, მაგრამ სააკაშვილის ფაქტორს ივანიშვილი და მისი მომხრეები თავის სასარგებლოდ ძალიან კარგად იყენებენ. წესით, ამაზე "ნაციონალები" უნდა დაფიქრდნენ," - მიიჩნევს ბერძენიშვილი.