(რეზონანსი) საბავშვო ევროვიზია 2017-ზე, რომელიც წელს პირველად თბილისში გაიმართება, საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.
შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, რომლის კომპოზიტორიც ასევე, კონკურსის მეშვეობით შეირჩევა.
საბავშვო ევროვიზია 2017-ის დამდგმელი რეჟისორი გორდონ ბონელო იქნება. ბონელო უკვე ოთხი წელია ევროპის მაუწყებელთა კავშირთან თანამშრომლობს და 2014 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საბავშვო ევროკონკურსის მასშტაბურ შოუს დგამს.
საბავშვო ევროვიზია 2017 საქართველოში 26 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. გასულ წელს მალტაში გამარჯვება ქართველმა კონკურსანტმა მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა სიმღერით „მზეო".
საქართველო საბავშვო ევროვიზიის რეკორდსმენი ქვეყანაა, რომლის ანგარიშზეც სამი გამარჯვებაა. პირველად 2008 წელს ჯგუფმა "ბზიკებმა", 2011 წელს ჯგუფმა Candy და 2016 წელს მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვეს, სწორედ ამიტომ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) გადაწყვიტა, რომ 2017 წელს ევროფესტივალი საქართველოში გამართულიყო.