(რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი 17 სექტემბრიდან საპროტესტო აქციებს კიდევ ერთხელ აანონსებს. როგორც ინაშვილმა განაცხადა, საპროტესტო აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, 17 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
მისივე თქმით, მთავარი მოთხოვნა კონსტიტუციაზე ძალადობის შეწყვეტა იქნება, რომლითაც „ქვეყანაში რბილი დიქტატურა მყარდება".
„მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ კონსტიტუციაზე ძალადობა შეწყდეს. ასევე, გავაპროტესპებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვას. კონსტიტუციიდან იმ ჩანაწერის გაქრობას გავაპროტესტებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება ყველა მოქალაქეს აქვს. გავაპროტესტებთ ბანკების ძალადობას, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობის წინააღმდეგ. ასევე, გავაპროტესტებთ ხელისუფლების უმოქმედებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით", - განაცხადა ინაშვილმა.
ინაშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ აქციას ორგანიზებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და „ევროპული საქართველოსთან" ერთად უწევს. ამასთან ინაშვილი აღნიშნულ პარტიებთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას გამორიცხავს.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციები 24 სექტემბერს, ბათუმში, ხოლო 1-ელ ოქტომბერს კვლავ თბილისში გაიმართება. დასკვნითი, ყველაზე მაშტაბური აქცია კი, 8 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე მოეწყობა.