(რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო და უკრაინა მასთან მიმართებაში ერთმანეთში შეთანხმდნენ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
„ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ პოროშენკოსა და ივანიშვილს შორის შეთანხმება არსებობს. ისინი ჯერ მაშანტაჟებენ და მაშინებენ. ამბობენ, რომ თუ უკრაინაში ჩავალ, ციხეში აღმოვჩნდები იმ ბრალდებებით, რომლებსაც არავინ სცნობს", - განაცხადა სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
სააკაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ „პოროშენკომ პოლიტიკური ოპონენტი მოეშორებინა გადაწყვიტა".
„მან ჩემი დაჭერა და ივანიშვილისთვის ჩემი, როგორც მისი პერსონალური პატიმრის გადაცემა გადაწყვიტა. მე თქვენი არ მეშინია. მე მართალი ვარ", - დასძინა მან.
პოლონეთი-უკრაინის საზღვრის „კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე, რომლის გავლითაც 10 სექტემბერს სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, მავთულხლართები გააბეს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ „კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეების განაწესი, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, გააძლიერეს.