(რეზონანსი) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციამ თავის ვებგვერდზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის განცხადება გამოქვეყნა.
არაფორმალური გაერთიანება, რომლის დეკლარირებული მიზანი საქართველოში ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის ზრდის ხელშეწყობაა, თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების მონაწილეობის სიმწირით შეშფოთებულია.
„ვეხმაურებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პარტია ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პარტიამ მერობის 61 კანდიდატს შორის მხოლოდ 2 ქალი დაასახელა.
„ამჟამად ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა წარმომადგენლობა უკიდურესად დაბალია (არ აღემატება 12%-ს), არც ერთი მოქმედი მერი არ არის ქალი და 59 პირდაპირი წესით არჩეული გამგებლიდან მხოლოდ ერთი გამგებელია ქალი.
„პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და მმართველ პარტიას აკისრია. პოლიტიკური პარტიების მხრიდან მერობის კანდიდატებად ქალების უკიდურესად მცირე რაოდენობით დასახელების ტენდენცია შემაშფოთებელია და ადასტურებს, რომ საზოგადოების მოთხოვნა უგულვებელყოფილია, ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობა, უზრუნველყოფილ იქნას. ამით, ასევე სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება არ ხდება, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის.
„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატების და სიების საბოლოო რეგისტრაციამდე პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა გაითვალისწინონ, 2017 წლის თვითთმართველობის არჩევნებისათვის გენდერულად დაბალანსებული სიები წარადგინონ და არჩევნებში სქესთა თანაბარი მონაწილეობა უზრუნველყონ", - ნათქვამია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის განცხადებაში.