(რეზონანსი) კიევში გუშინ მომხდარ აფეთქებას, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ავტომობილის აფეთქებისას საქართველოს მოქალაქე, თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი და მეტსახელად „ზოონი" გარდაიცვალა" , - ამის შესახებ ინფორმაციას „ipn"-ი უკრაინაში საქართველოს ელჩის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გელა დუმბაძის თქმით, საქმე გამოსაძიებლად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროდან უკრაინის უშიშროების სამსახურში გადაინაცვლებს.
„მომხდარს უკვე მიენიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია. გარდაცვლილი ადამიანი არის ეროვნებით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე. საელჩოს საკონსულო განყოფილებისთვის დამატებით თხოვნით არავის მიუმართავს გადმოსვენებაზე, ან რაიმე სხვა საკითხთან დაკავშირებით. უკრაინელ სამართალდამცველებთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით" , - განაცხადა გელა დუმბაძემ.
აფეთქება კიევის ცენტრში, ბასარაბის მოედნის მახლობლად დღეს მოხდა. გამოცემა „112 ua"-ის ცნობით, ავტომობილი სრულიად დამწვარია. მანქანაში „ზოონთან" ერთად კიდევ ერთი ქალი იმყოფებოდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.