(რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მცხოვრებლები თხილის ნერგებს ჩეხენ. კახათელები ნარგავების განადგურების მიზეზად აზიური ფაროსანასგან მიყენებულ ზარალს ასახელებენ. ინფორმაციას „ipress"-ი ავრცელებს. სოფელ კახათის მცხოვრებლები ხელისუფლებისგან კომპენსაციასაც ითხოვენ.
„ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა. როგორც თხილის, ასევე სიმინდის მოსავალი არის განადგურებული, რაც ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნები, ფართომასშტაბიან აქციებს დავიწყებთ და სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ" , - ამბობს მარიან კაკულია.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წლევანდელი თხილის მოსავლის დაზიანების და შემცირების მიზეზზე და ახალი ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
„ყავისფერი, მარმარა სუნიანი ბაღლინჯო სასოფლო- სამეურნეო, ტყის და დეკორატიული კულტურების საშიშ მავნებელს წარმოადგენს. მავნებელი აზიანებს 200 სახეობის მცენარეს, მათ შორის, ხეხილოვან კულტურებს, თხილს, ვაზს, კენკრას და სხვა. ძლიერი გავრცელების დროს ზარალმა შეიძლება მოსავლის ღირებულების 70% შეადგინოს" , - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და განსაკუთრებული ზიანი მეთხილეობის დარგს მიაყენა.