რეზონანსი
09.09.2017

 (რეზონანსი) უკრაინაში ავტომობილის აფეთქებისას გარდაცვლილი მამაკაცი, რუსლან პაპასკირი, მეტსახელად „ზონა", რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა. გაზეთ „კვირის პალიტრა"-ს ინფორმაციით, რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაური, 2012 წლის ნოემბერში, თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს. მისმა სახელმა ლაფანყურის ოპერაციის საქმეშიც გაიჟღერა.

გამოცემის ცნობით, როგორც ქისტები პირად საუბრებში ამბობდნენ, მეომრების მომზადებაში ზელიმხან ხანგოშვილის - „დიშნას" გარდა, „ზონაც" იყო ჩართული.

თემურ მახაურის სახელი ფიგურირებდა სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, გია დგებუაძის, იგივე „მასტერას" საქმეშიც.

„კვირის პალიტრა" წერს,რომ 2007 წელს ქართველი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის თავიდან მოშორების მიზნით, ქართულმა სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს, საქმე „მასტერასთვის" მიენდოთ. მან კი საქმეში უვაის ახმადოვი გაიხსენა. ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ, დუბაიში შეხვდნენ. „მასტერა" - ახმადოვის მოლაპარაკებებისას დასახელდა პატარკაციშვილის ქილერის კონკრეტული გვარი - ეს რუსლან პაპასკირი, იგივე „ზონა" უნდა ყოფილიყო.

სტატიის ავტორის, ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, „ზონა" ჩეჩნეთიდან თბილისში 2005-2006 წლებში გამოჩნდა. ის ძირითადად თბილისში საქმიანობდა. გამოცემის ცნობით, მას 2010 წელს, საცხოვრებელ სახლთან ხელყუმბარა აუფეთქეს და დაშავდა. ამ ინციდენტის მიზეზად თავის დროზე, შიდა კლანური გარჩევები დასახელდა.

2012 წლის ნოემბერში „ზონა" დააკავეს სტამბოლში, მას ბრალად გავლენიანი ჩეჩენი სულიერი ლიდერის მკვლელობა ედებოდა. თუმცა, დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და 2016 წლის ზაფხულში გაათავისუფლეს. ის პირდაპირ უკრაინაში წავიდა.

„კვირის პალიტრის" ინფორმაციით, უკრაინაში რუსლან პაპასკირს ურთიერთობა ჰქონდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იმჟამინდელ მოადგილესთან, გია ლორთქიფანიძესთან.

კიევში, ბასარაბსკის მოედანზე ავტომობილის აფეთქების დროს თემურ მახაური, მეტსახელად „ზოონი" დაიღუპა. გუშინ მომხდარ აფეთქებას, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. გამოცემა „112 ua"-ის ცნობით, ავტომობილი სრულიად დამწვარია. მანქანაში „ზონასთან" ერთად კიდევ ერთი ქალი იმყოფებოდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×