(რეზონანსი) ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დაღუპული ორი მუშის გარდაცვალების მიზეზად, კომპანია „მეტრო" ამწეების ტექნიკურ გაუმართაობას გამორიცხავს. კომპანიის ცნობით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია.
„მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების გამო და ვიზიარებთ მათი ოჯახის დიდ ტრაგედიას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია „მეტროს" კომპლექსის მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველა საჭირო პროცედურა, რაც კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე არის დადგენილი, სრულად იყო დაცული. კომპანიის ყველა თანამშრომელი იყო დაზღვეული, შესაბამისად, მიიღებენ კომპენსაციას" , - ნათქვამია განცხადებაში.
შემთხვევა ბათუმში,ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 8 სექტემბერს მოხდა. გარდაცვლილები 23-იდან 25 წლამდე ახალგაზრდები არიან. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.