(რეზონანსი)მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მოსალოდნელი პროვოკაციების არ ეშინია. განცხადება ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ერთ-ერთი უკრაინული არხის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
წამყვანი დაინტერესდა, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მართლაც გახსნიან ცეცხლს საზღვარზე, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის უკრაინაში თავის 11 წლის შვილთან ერთად ბრუნდება. სააკაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ საზღვარზე არანაირი ექსცესები არ მოხდება.
„ისინი, ვისაც სროლა უნდათ, წინასწარ ამას არ ამბობენ. ეს ერთი და მეორე, ის სუბიექტები, რომლებსაც თქვენ ასახელებთ, რეალურად არაფერს წარმოადგენენ. ისინი სპეციალურად ამბობენ, მათ შორის პოლონელ მეგობრებთან, რომ შესაძლოა, იყოს სროლა და არეულობა, რომ არ გინდათ პრობლემები და არ გამოუშვათ სააკაშვილი, რომ თქვენთან დარჩესო. მაგრამ ვის უნდა ესროლონ? მე ჩემს პატარა შვილთან ერთად მივდივარ" , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს „Facebook"-ის ოფიციალურ გვერდზე ფოტოები გაავრცელა სათაურით - „მორჩა, მივემგზავრებით კრაკოვეცში, უკრაინაში".
გუშინ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილის ჩასვლის გამო მოქალაქეებისთვის საგანგებო გაფრთხილება გაავრცელა.
„მგზავრების საყურადღებოდ: „კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტთან მასობრივი შეკრებების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით 9-12 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ მარშრუტის სხვა გზები აირჩიოთ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.