(რეზონანსი) უკრაინის ქალაქებიდან კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა პირველი ნაკადი დაიძრა. ისინი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე აქციისთვის ემზადებიან. უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მხარდამჭერები საზღვრიდან მოშორებით, სპეციალურად შემოსაზღვრულ ნაწილში იკრიბებიან და კარვებს შლიან. მათ იმედი აქვთ, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე შემოშვების ნებას დართავენ, თუმცა, არც პროვოკაციებს გამორიცხავენ.
როგორც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ვარაუდობდნენ, დღეს საზღვრის მეორე მხარეს ე.წ. წითუშკების მობილიზაცია მოხდა. შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი სპორტსმენები არიან და უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ექსკურსიით ჩავიდნენ. უკვე მოხდა პირველი სიტყვიერი შელაპარაკებაც. სააკაშვილის მხარდამჭერების ინფორმაციით, მათ ხელში ცივი იარაღი ეჭირათ, რაზეც მათ სამართალდამცველებს რეაგირება თხოვეს.
მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას უმცროს შვილთან ერთად აპირებს. ის პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს გეგმავს და მას აეროპორტში უკრაინის მთელი ოპოზიციური სპექტრი დახვდება, მათ შორის იქნება იულია ტიმოშენკოც.
უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.