(რეზონანსი) კიევის სასამართლომ პედოფილიაში ბრალდებული საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ავსტრიელი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, პიტერ ზაიზენბახერი გაათავისუფლა.
ზაიზენბახერის ადვოკატმა ბერნჰარდ ლეჰოფერმა განაცხადა, რომ პეტერის ავსტრიაში ექსტრადირების საქმე გაგრძელდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,ძიუდოისტის ექსტრადაცია სექტემბერში მოხდება.
პიტერ ზაიზენბახერს პედოფილიასთან დაკავშირებული ბრალდება გასული წლის სექტემბერში წაუყენეს. მას ბრალად ორი არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურება ედება, რომელსაც ძიუდოს სპეციალისტი 2000 წელს ვენაში ავარჯიშებდა.ძიუდოისტი წელს კიევში,საკუთარ ბინაში დააკავეს.ავსტრიის კანონების თანახმად, მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.
პეტერ ზაიზენბახერმა ოლიმპიური ოქროს მედლები 1984 და 1988 წლების თამაშებზე მოიპოვა და ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც გამარჯვება ზედიზედ ორ ოლიმპიურ თამაშებზე შეძლო. ის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელია. 2012 წელს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე, მისი ხელმძღვანელობით, ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.