რეზონანსი
10.09.2017

 (რეზონანსი) უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან. კრაკოვეცის სასაზღვროს გამშვები პუნქტის უკრაინის მონაკვეთზე დღეს ვითარება დაიძაბა. ე.წ. ტიტუშკები იმ კარვების ბანაკისკენ დაიძრნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები იმყოფებიან.

ჩხუბისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად კი უკრაინელებმა მებრძოლებმა, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზიდან სააკაშვილის მხარდასაჭერად ლვოვში ჩავიდნენ, ცოცხალი კედელი გააკეთეს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას დღეს პოლონეთიდან გეგმავს. ადგილზე მისი თანაპარტიელები და ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები არიან. პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, რომ თუ მესაზღვრეები უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს არ შეუშვებენ, კიევში მასშტაბური აქციები დაიწყება.

იურისტების განმარტებით, უკრაინას უფლება არ აქვს მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არ შეუშვას.

უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

გუშინ „Facebook"-ის პირად გვერდზე სააკაშვილმა დაწერა, რომ უკრაინაში ჩასვლას თავის უმცროს შვილთან ერთად გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×