(რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა უკრაინის საზღვარი მატარებლით გადაკვეთოს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან ეს გადაწყვეტილება პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.
„ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოვიდნენ იმის მხარდასაჭერად რომ ქვეყანაში იყოს თავისუფლება და არ შეიქმნას ახალი დიქტატურა, მაგრამ ასევე არიან ტიტუშკებიც და არის პროვოკაციის გეგმა. რათა თავიდან აცილებული იყო პროვოკაცია, გუშინაც ვითათბირეთ, ამ მომენტისათვის არ გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა ყველა ვთანხმდებით, რომ ყველა გავემგზავროთ ერთად მატარებლით, რათა გადავკვეთოთ საზღვარი" , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, პოლონეთიდან მატარებელი, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის მხარდამჭერებთან, ოჯახის წევრებთან და პოლიტიკოსებთან ერთად ზის, უკრაინის მიმართულებით არ გაემგზავრება, სანამ პირადად მიხეილ სააკაშვილი მატარებელს არ დატოვებს.შეტყობინება პოლონეთში უკრაინის ეროვნული პოლიციიდან მივიდა.
„წარმოგიდგენიათ რა დონის იდიოტთან გვაქვს საქმე? ყველა ზღვარს გადასული საქციელია. პოროშენკომ ამჟამად მძევლად აიყვანა ამ მატარებლის ყველა მგზავრი და განაცხადა, რომ ვერცერთი გაემგზავრება, მათ შორის არიან უკრაინის მოქალაქეები, აქვთ ბილეთები" , - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მატარებლის ბაქანზე გააკეთა.