(რეზონანსი) ევროპარლამენტარ სარიუშ ვოლსკის ჩარევის მიუხედავად, პოლონეთიდან მატარებელი უკრაინის მიმართულებით ამ დრომდე არ გამგზავრებულა.
დანარჩენმა მგზავრებმა მატარებელი დატოვეს და ისინი გზას ავტობუსებით გააგრძელებენ, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კვლავ მატარებელში რჩება და მის დატოვებას არ აპირებს.
მატარებელი, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება, პოლონეთიდან ლვოვის მიმართულებით ამ დრომდე არ დაძრულა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის მიზეზად სადგურის ადმინისტრაცია ასახელებს იმ ფაქტს, რომ მატარებელში იმყოფება პერსონა, რომელსაც უკრაინაში ლეგალურად შესვლის უფლება არ აქვს. მატარებელში პერიოდულად აცხადებენ, რომ ბოდიშს იხდიან შეფერხებისთვის.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას პოლონეთიდან სწორედ მატარებლით აპირებს. ის თავდაპირველად უკრაინაში ჩასვლას ავტობუსით გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და მატარებლით გამგზავრება გადაწყვიტა.
რეისი ლვოვის მიმართულებით თბილისის დროით 15:07 საათზე უნდა შესრულებულიყო.