(რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ისევ ავტობუსით გაემგზავრება. გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან კონსულტაციის შედეგად ცოტა ხნის წინ მიიღო. ამ ინფორმაციას უკრაინული მედიაც ავრცელებს.
სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მატარებლით გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინის ეროვნული პოლიციის გადაწყვეტილებით, მატარებელს ქვეყანაში არ შეუშვებდნენ, სანამ მას სააკაშვილი არ დატოვებდა, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მატარებელი დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტად კი ის დაასახელა, რომ მას არ სურდა სხვა მგზავრებისთვის პრობლემების შექმნა.
მგზავრების ნაწილმა მატარებელი მანამდე დატოვა, რათა უკრაინაში სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჩასულიყვნენ. მათ მგზავრობის თანხას აუნაზღაურებენ.
„თუ ყველა მინისტრი ამბობს, რომ ეს მათი ფუნქცია არ არის, რჩება ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი - პრეზიდენტი. მატარებლის დაკავება კანონდარღვევაა როგორც უკრაუნული, ისე პოლონური მხარის მიერ. რეალურად ამგვარი ქმედება ჩემზე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ არსებობს ლოგიკა და პასუხისმგებლობა იმ პირთა მხრიდან, ვინც ეს ამბავი გამოიწვია" , - განცხადა სააკაშვილმა.