(რეზონანსი) ლვოვის პოლიციამ, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო. განცხადება ამის შესახებ ეროვნული პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს კანონდარღვევისთვის რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიება საზღვარზე პირების უკანონო გადაყვანას სწავლობს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, „შეგინის" საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განვითარებული მოვლენები სახელმწიფო საზღვრის მასიური უკანონო დარღვევა იყო.უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ირწმუნება, რომ ინციდენტის შედეგად 11 სამართალდამცველი დაშავდა.
უკრაინის გენერალური პროკურორი კი, გუშინდელი მოვლენების ყველა ორგანიზატორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.
საკუთარი „ფეისბუქის" გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში იური ლუცენკო წერს, რომ კანონის თანახმად, ყველა, ვინც გუშინ უკრაინა-პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა, პასუხისგებაში უნდა მიეცეს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ათეულობით მხარდამჭერმა გუშინ, პოლონეთი-უკრაინის საზღვრის „შეგინის" გამშვებ პუნქტთან კორდონები გაარღვია და უკრაინის ტერიტორიაზე საპასპორტო შემოწმების გარეშე შევიდა.