(რეზონანსი) რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ხნულების გავლება განაახლეს. ოკუპირებულ და ნეიტრალურ ზონაში დილიდან 5 სამხედრო მანქანა გამოჩნდა, მათ შორის გრეიდერი და ურალი, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია" ავრცელებს. მათ მოახერხეს ოკუპანტების მუშობის ფაქტი დაეფიქსირებინათ.
ადგილი, სადაც სამუშაოებს აწარმოებდნენ, იმდენად მიუდგომელია, რომ კამერით გადაღება შეუძლებელია. ფოტო მონოკულარით არის გადაღებული.
„ყველაფერს ძალა აქვს , ეხლა ჩავედით და ახლოდან ვაკვირდებით, შესაბამისად ისინიც გვაკვირდებიან. ამიტომ ალაგმეს ყველაფერი და გადიან" , - წერს სოციალურ ქსელში „ძალა ერთობაშია"-ს წევრი მახო ალანია.