(რეზონანსი) უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ის საკითხის სამართლებრივად განხილვაზე საუბრობს და პოლიტიკურ კომენტარს არ აკეთებს. უკრაინის ლიდერმა კიდევ ერთხელ განმარტა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის სტატუსის შეწყვეტის მიზეზები.
„26 ივლის მე გამოვეცი განკარგულება, რომლის თანახმად, სააკაშვილს მოქალაქეობა შევუჩერე ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ნათლად არის დაფიქსირებული ფალსიფიცირების ფაქტები და არასწორი ინფორმაციის მოწოდება მოქალაქეობის მიღების დროს" , - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა. მისი თქმით, ოდესის ყოფილ გუბერნატორს სააპელაციო განაცხადის შეტანა ევროსასამართლოშიც შეეძლო, მაგრამ სანაცვლოდ დმატებითი დანაშაული ჩაიდინა.
„თვენახევარზე მეტი გავიდა, არავის მიუმართავს სასამართლოსთვის. ამის ნაცვლად ჩადენილია დანაშაული, ვინაიდან საზღვრების ურღვევობის კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა. ეს სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ჩემთვის სულერთია ვინ არღვევს საზღვარს, აღმოსავლეთში „ბოევიკები" თუ დასავლეთში პოლიტიკანები. უნდა არსებობდეს მკაფიო იურიდიული პასუხისმგებლობა" , - განაცხადა პოროშენკომ.