(რეზონანსი) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში ვაშლის დარიგების კამპანიის ფარგლებში, ვაშლის შესასყიდად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ სამინისტრო 260 ათასი ერთეული ვაშლის შესყიდვას გეგმავს.
სატენდერო პირობების თანახმად, პრეტენდენტს შეუძლია შემსყიდველს ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი შესთავაზოს, რომლის ერთეულის ფასი იდენტური უნდა იყოს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითხოვს, რომ ვაშლის ტრანსპორტირებისას დაცული იქნას სანიტარული წესები და ნორმები.მიწოდება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ყუთებით, რომლებიც უნდა იყოს მყარი, მშრალი, სუფთა და უცხო სუნის გარეშე. სკოლაში მიწოდებული ვაშლი უნდა იყოს გარეცხილი.
ტენდერის პირობების თანახმად, მოსწავლეების სავარაუდო ჯამური რაოდენობა სკოლებში - 20 000 იქნება. მისაწოდებელი ვაშლის სავარაუდო რაოდენობა კვირაში - 20 000 ერთეული. ერთი ვაშლის სავარაუდო წონა არანაკლებ 150 გრამი უნდა იყოს.
სამინისტროს ინფორმაციით, ვაშლი კვირაში ერთხელ უნდა მიეწოდოს თბილისის 10 საჯარო სკოლას: N161,პირველი ექსპერიმენტული, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის № 51, კლასიკური გიმნაზია, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის №173, №147, №180, №115, №166 , გოგიტა კიკნაძის სახელობის №182.