(რეზონანსი) ზუგდიდში აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული სოფლების წარმომადგენლები სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, მავნებელმა თხილის და სიმინდის მოსავალი მთლიანად გაანადგურა და მოსახლეობა შემოსავლისა და საკვების გარეშეა დარჩენილი.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ოდიკ ჯაფანძემ ხელისუფლებას მიმართა, რომ თითოეულ ოჯახს კომპენსაციის სახით 30 ათასი ლარი გადაუხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
ადგილობრივები სახელმწიფოსგან დახმარებას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, სწორედ ხელისუფლების დაგვიანებული მოქმედებების გამო, ვერ მოხერხდა ეფექტური პრევენციული ზომების გატარება.მოსახლეობის ინფორმაციით, სასოფლო ნაკვეთები ამ დროისთვის 8-ჯერ უნდა ყოფილიყო შეწამლული, თუმცა, შეწამვლა მხოლოდ 2-ჯერ განხორციელდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მცხოვრებლებმა ორი დღის წინ თხილის ნერგები გაჩეხეს. კახათელები ნარგავების განადგურების მიზეზად აზიური ფაროსანასგან მიყენებულ ზარალს ასახელებენ.
„ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა. როგორც თხილის, ასევე სიმინდის მოსავალი არის განადგურებული, რაც ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნები, ფართომასშტაბიან აქციებს დავიწყებთ და სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ" , - ამბობს მარიან კაკულია.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წლევანდელი თხილის მოსავლის დაზიანების და შემცირების მიზეზზე და ახალი ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
„ყავისფერი, მარმარა სუნიანი ბაღლინჯო სასოფლო- სამეურნეო, ტყის და დეკორატიული კულტურების საშიშ მავნებელს წარმოადგენს. მავნებელი აზიანებს 200 სახეობის მცენარეს, მათ შორის, ხეხილოვან კულტურებს, თხილს, ვაზს, კენკრას და სხვა. ძლიერი გავრცელების დროს ზარალმა შეიძლება მოსავლის ღირებულების 70% შეადგინოს" , - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და განსაკუთრებული ზიანი მეთხილეობის დარგს მიაყენა.