(რეზონანსი)საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლონეთიდან უკრაინაში გადასვლის ფაქტზე, ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სერიოზული მოვლენები განვითარდა. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილს „კრიზისულ ლიდერს" უწოდებს.
„ეს უკვე აღარ არის სააკაშვილის ისტორია, ეს არის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განვითარებული სერიოზული მოვლენები. სააკაშვილი ახლა გახდა კატალიზატორი შიდა უკრაინული კრიზისის და მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის ერთ-ერთი ძლიერი კრიზისული ლიდერი. როგორც თევზი წყალში, კრიზისში ისე გრძნობს თავს" , - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ხუხაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მოტყუება შეძლო და სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური პრობლემის მოგვარებას, ყველა გზით ცდილობს.
„ის შეეცადა, რომ ამ პრობლემის ეპიცენტრი გადმოესროლა საქართველოსკენ. როგორც იტყვიან, პოროშენკომ გაიჩალიჩა თვითონ და რისკი იმისა, რომ ჩვენთვისაც შეექმნა პრობლემები მთელ ამ ისტორიას, ძალიან მაღალი იყო. რაში სჭირდებოდა ჩვენს ხელისუფლებას ამ სისულელეში თავის შეყოფა, მე სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე" , - აღნიშნა ხუხაშვილმა.