(რეზონანსი) „შაჰტახტის დედაციხის" მონაკვეთზე არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა. ჩატარებული გათხრების შედეგად, აღმოჩენილია XI-XII საუკუნის სამეურნეო ნაგებობები, თონე და ქვევრები, რომლებსაც, კვლევის შემდეგ, ეროვნულ მუზეუმში გადაიტანენ.ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ისტორიულად ცნობილ, ძალიან საინტერესო ადგილზე ჩატარდა კვლევები. ყველა ის ადგილი იქნა გათხრილი, რომლებიც ვახუშტის რუკაზე არის დატანილი. მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალში ამ ყველაფრის კონსერვაცია მოხდება და ჩვენს ქალაქს, ტურისტებისთვის მიმზიდველი, კიდევ ერთი ადგილი შეემატება" , - განაცხადა დავით ნარმანიამ.
არქეოლოგიური კვლევების განხორციელება „წმინდა 40 სებასტიელ მოწამეთა", „საჯოგისა" და „თრელიგორების ნასახლარის" მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წელს დაიწყო. 2016 წლის მარტში კი არქეოლოგიური სამუშაოები „შაჰტახტის დედაციხისა" და „თრელიგორების ნასახლარის" მიმდებარედ განახლდა.