(რეზონანსი) საინფორმაციო სააგენტო „ტურანის" ხელმძღვანელი მეჰმან ალიევი გაათავისუფლეს.როგორც ადვოკატმა ფუად აგაევმა განაცხადა, იასამალის რაიონის სასამართლომ მეჰმან ალიევს დაკავება შინაპატიმრობით შეუცვალა. სასამართლო პროცესის შემდეგ მეჰმან ალიევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გათავისუფლების თაობაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიმართა.
„მეჰმან ალიევის გათავისუფლება მედიის მიმართ პრეზიდენტის მგრძნობიარე დამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითია. კანონმდებლობის შესაბამისად, მეჰმან ალიევის მიმართ ჰუმანური ნაბიჯი გადაიდგმება" , - განაცხადა მილი მეჯლისის დეპუტატმა აფლატუნ ამაშოვმა.
მეჰმან ალიევი 24 აგვისტოს ბაქოში თანამდებობის ბოროტად გამოყენების, გადასახადების დამალვისა და დიდი თანხების მოზიდვის მიზნით, უკანონო საქმიანობის ბრალდებებით დააკავეს. მან დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე „კავკაზსკი უზელთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ სააგენტოს დახურვა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აზერბაიჯანის ხელისუფლების მიზანია.
„ტურანის" სააგენტოს დახურვასა და მისი პრეზიდენტის, მეჰმან ალიევის დაკავების თაობაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ალიევის განთავისუფლებისკენ მოუწოდა. ამერიკულმა მხარემ ამ ფაქტს „ძალიან სამწუხარო" უწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს რეპრესიები და გაათავისუფლოს მეჰმან ალიევი და სხვა ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისათვის იდევნებიან.