(რეზონანსი) თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „sondakika.com" ვიდეომასალასაც აქვეყნებს,სადაც თავდამსხმელი ჩანს.
თურქეთის ტურისტულ ქალაქ დერმეში, რომელიც პროვინცია ანტალიაში მდებარეობს, 51 წლის ქალს ქუჩაში თავს დაესხნენ და ცივი იარაღით ექვსი ჭრილობა მიაყენეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა დღის 6 საათზე მოხდა, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა.
ანა საფარიანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალე გარდაიცვალა. პოლიციამ კი 44 წლის მესუთ ოზკანი დააკავა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მისი მტკიცებით, მოკლულს იცნობდა, დანაშაულის მოტივი კი ანგარება იყო.
საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას ადასტურებს. სამინისტროს განცხადებით, უკვე შედგა კომუნიკაცია თურქულ მხარესთან და გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენებისთვის მუშობა დაწყებულია.