(რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, სასტუმრო „ლეოპოლისში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლების მისვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებს შეხვდა და სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მზად არის გაიაროს ყველანაირი სამართლებრივი პროცედურა.
„არ არსებობს არანაირო გარემოება, რომ დავარღვიე კანონი. მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. შეგიძლიათ იხილოთ ყველაფერი. როდესაც ფეხი დავადგი უკრაინის მიწაზე, მათ შეეძლოთ შეემოწმებინათ ჩემი პასპორტი, მაგრამ ახლა როგორ გავიგე, ცდილობენ ისე გამოვიდეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ კანონი" , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დილის 7 საათზე, სასტუმრო „ლეოპოლისში" სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი განმარტავდნენ, რომ მათ სასტუმროში მიიტანეს ე.წ. პროტოკოლი, რომელიც უნდა გადასცენ მიხეილ სააკაშვილს და აცნობონ, რომ 10 სექტემბერს მან დაარღვია სახელმწიფო საზღვარი. გაფორმდა რამდენიმე დოკუმენტი, მიხეილ სააკაშვილმა სასაზღვრო პროცედურები გაიარა.
თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის პროტოკოლი საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში უნდა გადაეცათ.
„ყველაფერი მარტივია. საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში უნდა გადმოეცათ პროტოკოლი. ვერ იტყვიან, რომ სადღაც ვიმალებოდი. ლვოვის მთავარ მოედანზე ვიყავი ათასობით ლვოველთან ერთად" , - განაცხადა სააკაშვილმა.