(რეზონანსი) ტროპიკული შტორმი „ირმა" ამჯერად ჯორჯიის შტატისკენ მიემართება. ფლორიდაში კი სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ქარიშხალს შტატში 4 ადამიანი ემსხვერპლა. თავშესაფრებში რჩება ათობით ათასი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მოსახლეობის სახლებში დაბრუნებას შესაძლოა, რამდენიმე კვირა დაჭირდეს.
6 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივ აეროპორტებში 800-მდე რეისი გადაიდო. ქარიშხალმა მნიშვნელოვნად დააზარალა ქალაქი მაიამი. წყლითაა დაფარული ორლანდოს ქუჩები. მე-5 კატეგორიის ქარიშხალმა „ირმა", რომელმაც კარიბის ზღვის ქვეყნებში 37 ადამიანი იმსხვერპლა, ძალა ნაწილობრივ დაკარგა.
ქარიშხალ „ირმას" სიმძლავრე ტროპიკული შტორმის დონემდე დაეცა. ამ განცხადებას აშშ-ის სტიქიასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრზე დაყრდნობით „ვოშინგტონ პოსტი" ავრცელებს. სპეციალისტების თქმით, ქარიშხალი ახლა ჩრდილ-დასავლეთით, 24 კმ/სთ-ში მოძრაობს.
„ირმას" შესახებ ინფორმაცია 1 სექტემბერს გავრცელდა. 4 სექტემბერს კი ოფიციალურად განაცხადეს, რომ ის პუერტო რიკოს სანაპიროს უახლოვდებოდა. ქარიშხლის გამო ფლორიდის შტატიდან 6,5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას კარიბის აუზის კუნძულებზე 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდაპირველად, „ირმა" მეხუთე კატეგორიის საშიშროებამდე გაძლიერდა, რითაც ქარიშხალ „ჰარვიზე" დამანგრეველი აღმოჩნდა, რომელიც აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს და 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.