(რეზონანსი) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შემდეგ, როუმინგის ტარიფი შესაძლოა საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვისაც გაუქმდეს. „რადიო თავისუფლების" ევროპის რეპორტიორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ოფიციალური პირები ამ საკითხზე უკვე მსჯელობენ და თემის განხილვა აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე იგეგმება, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება.
ვროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ ევროპის ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე იმოგზაურონ, რომ როუმინგში დამატებითი თანხა არ გადაიხადონ და შესაბამისად, ისარგებლონ იმ ტარიფით, რაც სამშობლოში ჰქონდათ. ევროპარლამენტმა შესაბამისი რეგულაცია 6 აპრილს დაამტკიცა.
„ევროკავშირის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის წევრ რომელიმე სხვა ქვეყანაში გაემგზავრებიან, აღარ გადაიხდიან როუმინგის ხარჯებს დარეკვისას, შეტყობინების გაგზავნისას, ან მობილური ინტერნეტის მოხმარებისას იმ სიმ ბარათის გამოყენების შემთხვევაში, რომლითაც თავიანთ ქვეყანაში სარგებლობდნენ" , - აცხადებს ევროკომისია.
ევროკავშირი საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის, როუმინგის ტარიფის გაუქმების გარდა, ახალი საინვესტიციო გეგმის შემუშავებას აპირებს. დეპუტატები ე.წ. ახალი „აღმოსავლეთ პარტნიორობის პლიუს" მოდელის შეთავაზების ინიციატივით გამოდიან. ინიციატივა ითვალისწინებს ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობით, ახალი საინვესტიციო გეგმის მომზადებას, რომელიც უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას რეფორმების გატარებაში დაეხმარება.
როგორც დოკუმენტის სამუშაო ვერსიაშია აღნიშნული, „ყველა ქვეყანას აქვს უფლება, მოითხოვოს ევროკავშირის წევრობა, თუ ის აკმაყოფილებს „კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და იცავს დემოკრატიულ პრინციპებს".
ამ დოკუმენტს 14 სექტემბერს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს.