(რეზონანსი) სოციალურ ქსელში მაცივარზე მისაკრავი საქართველოს რუკის სუვენირის ფოტო გავრცელდა, რომელსაც აფხაზეთის ტერიტორია არ აქვს და წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში" იყიდება. ამასთან დაკავშირებით, „ბიბლუსი" განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში ამტკიცებენ,რომ საქართველოს რუკის სუვენირი ხარვეზიანი იყო და ის მხოლოდ ერთადერთ ფილიალში იპოვეს.
„გვინდა იცოდეთ, რომ „ბიბლუსს" მსგავსი სუვენირი არ შეუძენია, ჩვენ ქსელში შემოვიტანეთ რა თქმა უნდა ისეთი, რომელზეც ჩვენი სამშობლო სრულად არის დატანილი. თუმცა, როგორც გაირკვა მომწოდებელმა, რომელმაც აღნიშნული პროდუქცია მოგვაწოდა, შემოგვაპარა რამდენიმე ცალი ხარვეზიანი" , - ნათქვამია განცხადებაში.
ბიბლუსის ადმინისტრაციის თქმით, მათი იურისტები მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ეს ფაქტი გამოიძიონ.
მაღაზიათა ქსელი მომწოდებლის ვინაობასაც ასახელებს, ის ელმირა მუსაევია.