რეზონანსი
12.09.2017

 (რეზონანსი) კატალონიის პროკურატურამ ძალოვანი უწყების პირველი პირები 1 ოქტომბერს დანიშნული პლებისციტის საკითხის გამოსაძიებლად დაიბარა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ვანგუარდა" ავრცელებს.

ესპანეთის საკონტიტიციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შესახებ კანონის მოქმედება შეაჩერა. ესპანეთის კანონმდებლობის თანახად, ქვეყნის ხელისუფლებას ავტონომიური ოლქების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს.

კატალონიის პარლამენტმა სადაო კანონი 7 სექტემბერს მიიღო, რომლის თანახმადაც ესპანეთისგან გამოყოფაზე პლებისციტი 1 ოქტომბერს ჩატარდება.

ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულ კატალონიელთა 55% ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა, 39.8% - წინააღმდეგი; 5,3%-ს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად ბარსელონას ქუჩებში გუშინ ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა. 11 სექტემბერს კატალონია ეროვნულ დღეს, „დიადას" აღნიშნავს. დღესასწაულისადმი მიძღვნილ ზეიმს 400 ათასამდე ადამიანი ესწრება. „დიადა" 1714 წლის ბარსელონას ალყას ეძღვნება, როდესაც ქალაქი დანებდა და კატალონიამ ავტონომია დაკარგა. ეროვნული დღის აღნიშვნა რეგიონული მთავრობის ინიციატივით 1980 წელს დაწესდა და ყოველწლიურად აღინიშნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×