რეზონანსი
12.09.2017

 (რეზონანსი) ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში ბავშვებს გაკვეთილები საცხოვრებელ სახლში უტარდებათ. სასწავლო პროცესი ზაურ ხარაბაძის სახლში წელს მეორედ განახლდება.

ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე განმარტავს, რომ საცხოვრებელი სახლი ნორმალურ მდგომარეობაშია და ვიდრე სკოლის მშენებლობა არ დასრულდება, გაკვეთილები ტუნაძეების დაწყებითი კლასების სკოლასა და კერძო სახლში ჩატარდება.

„იქედან გამომდინარე, რომ სხვა ალტერნატიული ფართობი არ გამოინახებოდა, სასწავლო პროცესი კერძო სახლში განახლდება. გარდა კერძო სახლისა, კლასების ნაწილს ამავე სოფელში არსებულ დაწყებითი კლასების სკოლაში ჩაუტარდებათ გაკვეთილები. ორივე შენობა ტერიტორიულად ახლოსაა" , - ამბობს ედუარდ მიქელაძე.

სოფელ ტუნაძეებში საშუალო საფეხურის სკოლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. კომპანია „ბზას" სოფელ ტუნაძეებში სკოლის მშენებლობა წელს, 31 აგვისტოს უნდა დაესრულებინა, თუმცა სამინისტროს სკოლის ასაშენებლად ტენდერის გამოცხადება მეორედ მოუწია. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში შპს „მეფურმა" გაიმარჯვა. სახელშეკრულებო ვადა კომპანიას 31 დეკემბერს ეწურება, შესაბამისად, ოთხსართულიანი სკოლის მშენებლობა ამ პერიოდის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

სოფელ ტუნაძეების მსგავსად, შუახევის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ჟანივრსა და ცინარეთში სასწავლო პროცესი კერძო სახლებში განახლდება. მიზეზი აქაც საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×