(რეზონანსი) ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი, გიორგი ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოში სათამაშოების დიდი ნაწილი გარკვეული რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოდის. სათამაშოების ბაზრის კონტროლის მექანიზმის დანერგვას, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს.
როგორც გიორგი ბაქრაძე აცხადებს, საქართველოში სათამაშო პროდუქცია ძირითადად ისეთი ქვეყნებიდან შემოდის, სადაც უსაფრთხოების ნორმები ევროკავშირის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ევროდირექტივის დანერგვა არსებულ სიტუაციას რადიკალურად შეცვლის.
„ჩვენთან ძალიან ცოტა მწარმოებელია, შესაბამისად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ სათამაშოების დიდი ნაწილი მოდის გარკვეული რისკის მქონე ქვეყნებზე, სადაც არ არის სათამაშოების უსაფრთხოება მაღალ დონეზე. ძირითადად ასეთი ქვეყანა არის ჩინეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა" , - განაცხადა გიორგი ბაქრაძემ.
სათამაშოების უსაფრთხოების სტანდარტებისა და ბაზრის კონტროლის მექანიზმების დასანარეგად საქართველოს დრო 2019 წლის 1 სექტემბრამდე აქვს. როგორც მწარმოებელი, ისე იმპორტიორი და დისტრიბუტორი, ვალდებული იქნება ბაზარზე განათავსოს ისეთი პროდუქცია, რომელთა ხარისხიც ევროდირექტივის მოთხოვნებს შეესაბამება.